logo
ENG



იუკნევიეჩიენე: ევროპელებისთვის სააკაშვილთან ვიზიტზე უარი "ოცნების" საზიზღარი ქმედებაა

13 ნოე 202117:40
3 წუთის საკითხავი
 
იუკნევიეჩიენე: ევროპელებისთვის სააკაშვილთან ვიზიტზე უარი "ოცნების" საზიზღარი ქმედებაა

ევროპარლამენტის წევრი, რასა იუკნევიეჩიენე, ევროპელი დელეგაციისთვის მიხეილ სააკაშვილთან ციხეში ვიზიტზე უარს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან საზიზღარ ქმედებად აფასებს.

იუკნევიჩიენე ტვიტერზე წერს, რომ ქართულ ოცნებას ქვეყანაში სიტუაციის დეესკალაცია არ სურს.

„ევროპარლამენტარ ანა ფოტიგასა და ლიეტუვის პარლამენტის დელეგაციისთვის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში ვიზიტის შესაძლებლობაზე უარის თქმა, არის საქართველოს ხელისუფლების საზიზღარი ქმედება. ქართულ ოცნებას არ სურს დეესკალაცია“ - წერს ევროპარლამენტარი.

პოლონელი ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგა საქართველოში 12 ნოემბერს ჩამოფრინდა. როგორც თავად თქვა, ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა და მასთან დაკავშირებით ვითარების გაცნობა და შეფასება იყო. 

დღეს, 13 ნოემბერს კი ევროპარლამენტარმა განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროსგან ციხეში შესვლაზე უარი მიიღო

სამინისტროს უარის წერილი, რომელიც როგორც ფოტიგამ, ასევე ლიეტუვის სიემის 2-მა წევრმა მიიღო, ჟიგიმანტას პავილიონისმა გამოაქვეყნა

მასში ნათქვამია, რომ იუსტიციის სამინისტრო ციხეში ვიზიტზე უარს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობითა და პენიტენციური სამსახურის მხრიდან პატიმრის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის ვალდებულებით ხსნის. უწყება აღნიშნავს, რომ ამ მომენტისთვის სააკაშვილის მონახულება მხოლოდ საქართველოს პატიმრობის კოდექსით დაშვებული ვიზიტორებისთვისაა შესაძლებელი. 

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1-ლ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების მომენტიდან ის შიმშილობს - უკვე 44-ე დღეა. 


close დახურვა